ფიზიკური განვითარება
12-18 თვე
ფიზიკური აქტივობა ეხმარება ბავშვს კუნთების გაძლიერებაში, რაც ისეთი უნარების განვითარებისთვის სჭირდება, როგორიცაა დგომა, სიარული და სირბილი. ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად ან ხელის მოკიდებით სიარულს. შეუძლია აცოცება კიბეზე, მაგრამ ჯერ არ შეუძლია ჩამოსვლა. თუკი აჩვენებთ, როგორ გააკეთოს ეს, შეძლებს ბურთის გადაგდებას და წიგნის გადაფურცვლას, ასევე ფანქრებით ჯღაბნას და კუბებით კოშკის აშენებას. ამ ასაკიდან ბავშვი ცდილობს, დაგეხმაროთ, როდესაც აცმევთ ან ხდით ტანსაცმელს. ცდილობს, დაიჭიროს კოვზი და თვითონ დალიოს წყალი ჭიქიდან.
წლინახევრიდან ორ წლამდე (18-24თვე)
ბავშვი უკვე დადის დამოუკიდებლად და იწყებს სირბილს. ის ადის და ჩამოდის კიბეზე თქვენი ან მოაჯირის დახმარებით. შეუძლია ატაროს დიდი ზომის ნივთები. გაიხადოს და ჩაიცვას ზოგიერთი სახეობის ტანსაცმელი, დაჯდეს პატარა სკამზე, აიღოს ძალიან პატარა ნივთები.
ორიდან სამ წლამდე (24-36 თვე)
ამ ასაკში თქვენი პატარა ნაკლებად ეცემა, მას მეტად შეუძლია ცალ ფეხზე წონასწორობის შენარჩუნება, რაც ეხმარება კიბეზე დამოუკიდებლად ასვლაში. უკვე შეუძლია უკანსვლით სიარული და სამთვლიანი ველოსიპედის ტარება, უკეთ ისვრის, იჭერს და ფეხს ურტყამს ბურთს, თვითონ ძვრება და ჩამოსრიალდება სასრიალოდან, ადგილზე ხტუნავს და შეუძლია პატარა საფეხურიდან ჩამოხტომა. თქვენი დახმარებით შეუძლია ჩაცმა, თვითონ ახერხებს ფანქრით ხაზების გავლებას, ბოთლის თავსახურის მოხსნას და მოჭერას, ასევე იწყებს მაკრატლით ფურცლის ჩაჭრას, დიდი მძივების თასმაზე აცმას. სიამოვნებით თამაშობს ქვიშასა და წყალში, მოსწონს წიგნების თვალიერება, ბაძავს და ასახიერებს ნაცნობ ცხოველებს.
სამიდან ექვს წლამდე
სამიდან ექვს წლამდე ბავშვები მეტად აქტიურები არიან, უყვართ მოძრაობა, ფეხის მონაცვლეობით დამოუკიდებლად ადიან და ჩამოდიან კიბეზე, უფრო დიდხანს შეუძლიათ ცალ ფეხზე დგომა, შემდეგ კი ცალ ფეხზე ხტუნვაც კი. საგრძნობლად უკეთ იჭერენ და ძლიერად ურტყამენ ბურთს, ზოგიერთი ბავშვი შესაძლოა, ამ ასაკში მზად იყოს, ატაროს ორთვლიანი ველოსიპედი. ძალიან უყვართ ძრომიალი, სრიალი და ქანაობა.
ასევე, სწრაფად ვითარდება ამ ასაკში ბავშვის წვრილი მოტორიკა. ბავშვებს უკეთ უჭირავთ ფანქარი, ავლებენ ხაზებს, ხატავენ ფორმებს, იწყებენ მეტი სიზუსტით გაფერადებას, ხუთი წლიდან შეუძლიათ ზოგიერთი ასოს გამოსახვა, უკეთ ჭრიან მაკრატლით, შეუძლიათ მარტივი ფორმების გამოჭრა. ამ ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, თვითონ ჩაიცვან ტანსაცმელი და შეიკრან ღილები, ასევე, იწყებენ შედარებით რთული შესაკრავების, მაგალითად, ფეხსაცმლის თასმების შეკვრას. უკვე ხუთი წლიდან ბავშვებს უყვართ რთული ფიზიკური მოძრაობების შესრულება და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, ამ დროს ხშირად გაიგონებთ მათგან: „ნახე, რა შემიძლია!“, ასევე უყვართ მოძრავი თამაშები, როგორიცაა დაჭერობანა და ა.შ
მეტყველების განვითარება
წლიდან - ორ წლამდე (12-24 თვე)
ერთი წლის ბავშვი ადეკვატურად რეაგირებს ნაცნობ სიტყვებზე და რეაგირებს დაძახებაზე. ასრულებს მარტივ, ერთი ინსტრუქციის შემცველ დავალებას: აიღე დათუნია, ისროლე ბურთი და ა. შ. ასაკის მატებასთან ერთად სიტყვათა მარაგიც მდიდრდება. წლინახევრის ასაკიდან ბავშვი ამბობს 5-6 სიტყვას, მოგვიანებით 5-20 მარტივ სიტყვას იყენებს, ორი წლისთვის კი უკვე ესმის 50 სიტყვის მნიშვნელობა. იყენებს უარყოფით შესიტყვებებს და შეუძლია ორი სიტყვის დაკავშირება. ინტერესით უსმენს მოყოლილ მოკლე ამბავს.
ორი წლიდან სამ წლამდე (24 - 36 თვე)
ორი წლიდან ბავშვი სიტყვიერად პასუხობს მარტივ კითხვებს, ასევე ასრულებს ისეთ ორსაფეხურიან ინსტრუქციას, რომელშიც მოქმედებები არ უკავშირდება ერთმანეთს. მაგალითად, დააბრუნე ფანქრები კოლოფში და მერე მომეხმარე მაგიდის გაშლაში. სხეულის 6 ნაწილზე მაინც მიუთითებს, ასევე მინიმუმ სამ ფერს განასხვავებს. უკვე რამდენიმე ასეული სიტყვის მნიშვნელობა იცის. ბავშვი სიამოვნებით ისმენს მოკლე ზღაპრებს, მოთხრობებს. საკუთარი აზრების გამოსახატავად იყენებს როგორც სიტყვებს, ასევე ჟესტებს.
3-6 წლამდე
სამი წლიდან ბავშვს უკვე შეუძლია მოკლე შეტყობინების გადაცემა, სვამს კითხვებს უცხო სიტყვებთან დაკავშირებით. ბავშვის სიტყვათა მარაგი უფრო და უფრო მდიდრდება და უკვე 1500 - ზე მეტი სიტყვის მნიშვნელობა ესმის. საუბრისას იყენებს მარტივ (მაგ. ამბობს: დათუნიას შია) და მარტივ გავრცობილ წინადადებებს (მაგ. ამბობს: საწყალ დათუნიას ძალიან შია). თხრობისას შეუძლია რამდენიმე წინადადების ერთმანეთთან დაკავშირება, შეუძლია მარტივი ამბის მოყოლა, იმახსოვრებს ლექსებს. შეუძლია მოცემულ ასოზე სიტყვის დასახელება, ასევე ერთნაირი ჟღერადობის სიტყვებს განასხვავებს, მაგ: ატამი - ტატამი. 5-6 წლის ბავშვს თავისუფლად შეუძლია თავისი სიტყვებით მარტივი ამბის გადმოცემა ისე, რომ მოვლენების თანმიმდევრობა დაიცვას, ასევე სხვებს უსმენს და მონაწილეობას იღებს ჯგუფურ საუბარში. იყენებს თავაზიანი მიმართვის ფორმებს, შეუძლია საკუთარ თავზე ინფორმაციის მოწოდება, სიტყვის პირველი ასოს გამოყოფა და ასევე მარცვლების გაერთიანება.
შემეცნებითი განვითარება
წლიდან - ორ წლამდე (12-24 თვე)
ერთი წლიდან ბავშვი მეტად ცდილობს მიბაძოს ნაცნობი უფროსების მოქმედებებს. მაგალითად, დააძინოს თოჯინა ან „ისაუბროს“ ტელეფონზე, ცდილობს, გადაწმინდოს მაგიდა ტილოთი. ცნობს ნაცნობ საგნებს წიგნში. ვითომ აჭმევს თოჯინას, სათამაშო მანქანის ტარებისას გამოსცემს შესაბამის ხმას. უკვე წლინახევრიდან მოსწონს ჭურჭლის დაცლა და ავსება, ბოთლის დახურვა და გახსნა. იწყებს საგნების დაჯგუფებას რაიმე ნიშნით. მაგალითად, ერთად აწყობს მანქანებს, ერთად კუბურებს. უკეთ იწყებს პრობლემების გადაჭრას. მაგალითად, სულს უბერავს კოვზს, როცა ვეუბნებით, რომ ფაფა ცხელია.
ორიდან სამ წლამდე (24-36 თვე)
ორი წლიდან პატარა უფრო მეტად ერთვება როლურ თამაშებში, იწყებს წარმოსახვითი საგნების გამოყენებას. მაგალითად, ფეხსაცმელების ყუთი შეიძლება გამოიყენოს როგორც დათუნიას საწოლი. მეტად ვითარდება ბავშვის ფანტაზია, მაგრამ ჯერ კარგად ვერ არჩევს, რა არის რეალობა და რა წარმოსახვა. ბავშვს უკვე ახსოვს, რა მოხდა გუშინ, აჯგუფებს საგნებს უფრო რთულ კატეგორიებში. მაგალითად, ცხოველები, ყვავილები, მანქანები. შეუძლია დაალაგოს ნივთები ზომის მიხედვით - პატარიდან დიდისკენ.
3-6 წლამდე
სამი წლიდან ბავშვი მეტყველების განვითარებასთან ერთად იწყებს მეტი კითხვის დასმას და საკუთარი ვარაუდების გამოთქმას. „რატომ?“ - არის ამ ასაკის მთავარი კითხვა. ბავშვი უფრო მეტად არჩევს წარსულსა და აწმყოს, აქტიურად ეძებს პასუხებს კითხვებზე. შეუძლია ყურადღების შენარჩუნება 5 დან 15 წუთამდე და აქვს ინტერესის გამოკვეთილი სფერო. ამ ასაკის ბავშვი უკეთ ბაძავს უფროსების მოქმედებებს, ითვლის, ადარებს და ახარისხებს. შეუძლია ფერების დასახელება, ხუთი ნივთის გადათვლა, იყენებს ზომისა და ფორმის აღმნიშვნელ სიტყვებს. ატარებს ექსპერიმენტებს, ერთმანეთს ურევს წყალს, სოდას, ძმარს, მარილს. აკვირდება მექანიკას და ცდილობს ახსნას, როგორ მოძრაობს საათი ან სათამაშო. შეუძლია სახლში არსებული მარტივი ტექნოლოგიების გამოყენება, მაგალითად, შეუძლია ჩართოს და გამორთოს ტელევიზორი, პლანშეტი და ა. შ. ბავშვი უკვე კარგად თამაშობს თავის მოგონილ წარმოსახვით თამაშებს, განასახიერებს სხვადასხვა როლს, სიამოვნებს ხატვა, ძერწვა, მოსწონს კონსტრუირება, გამოსახავს ფორმებსა და ადამიანებს, აღწერს საკუთარ ნამუშევრებს, სიამოვნებით ცეკვავს და ყვება ნაცნობ მელოდიებს, შეუძლია შეთხზას ამბები და სიმღერები. სიამოვნებით ათვალიერებს სხვადასხვა თემაზე შექმნილ წიგნებს, ყვება მათზე, აქვს საყვარელი, გამორჩეული წიგნები და პერსონაჟები.
სოციალურ-ემოციური განვითარება
წლიდან - ორ წლამდე (12-24 თვე)
ერთი წლის ბავშვი უფრო და უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობს ოჯახის წევრებთან ურთიერთობით, კოცნის და ეხუტება ოჯახის წევრებს, ნაცნობ ადამიანებს, საყვარელ ცხოველს. მოსწონს მარტო თამაში - შეუძლია თავი გაირთოს გარკვეული დროის განმავლობაში. ამავე დროს სხვა ბავშვების გარემოცვაში ყოფნაც მოსწონს, გარკვეული ხანი შეუძლია უბრალოდ მათ გვერდით თამაში. ერთი წლიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვი უკვე ცნობს და ეძახის საკუთარ თავს სარკეში. როცა შესაბამის შეკითხვას უსვამენ, შეუძლია საკუთარი სხეულის ნაწილებზე მიუთითოს. ასევე შეკითხვაზე მარტივი „კი“ ან „არა“ პასუხით შეუძლია გამოხატოს თავისი არჩევანი. როცა რამე ახალს აკეთებს უფროსს უყურებს და წარმატების შემთხვევაში იღიმება. ამ ასაკში ბავშვი უკვე აღიქვამს სხვის მიერ გამოხატულ სხვადასხვა ემოციასაც - სიხარულს, წყენას, ბრაზს, ასევე თავად გამოხატავს ემოციებს ნაცნობი ადამიანების მიმართ. თანაგრძნობას გამოხატავს ოჯახის წევრების მიმართ, მაგალითად ეფერება იმას, ვინც ცუდ ხასიათზეა. ნაცნობი უფროსის მხარდაჭერას ითხოვს, როცა ძლიერი ემოციები იპყრობს, ეძებს მას როდესაც ეშინია, ან დამშვიდება სურს. ბავშვს უკვე შეუძლია საკუთარი ქცევის შეცვლა უფროსის თხოვნის შესაბამისად,. ამ ასაკში ბავშვი თამაშის დროს იმეორებს უფროსის მოქმედებებს - დაჰყავს მანქანა, კითხულობს, სადილს ამზადებს. მოსწონს ნაცნობ ადგილებში ყოფნა, უცხო გარემოში როდესაც ნაცნობი უფროსი იქვე ეგულება, თავს უსაფრთხოდ გრძნობს და მშვიდად იკვლევს ახალ ნივთებს და გარემოს.
ორი წლიდან სამ წლამდე (24 - 36 თვე)
2 წლის ბავშვი უკვე საკუთარ თავს სახელით მოიხსენიებს, ასევე თავის გვარს ასახელებს, აქვს გამორჩეულად საყვარელი წიგნი, სათამაშო, საქმიანობა, კერძი, ჰყავს გამორჩეული თანატოლები, რომლებთანაც თამაში უყვარს. შეუძლია არჩევანის გაკეთება რა ჩაიცვას, რა ითამაშოს. აღიარებს საკუთარ მიღწევებს და ამასთან დაკავშრებით სიხარულს გამოხატავს. 2 დან 3 წლამდე ასაკში ბავშვი შეხსენების შემთხვევაში მარტივ წესებს იცავს, აგრეთვე ხვდება რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს წესის დარღვევას. იყენებს სიტყვებს „მადლობა“, „თუ შეიძლება“, „ნახვამდის.“ იცის როდის უნდა ითხოვოს დახმარება. ბავშვს შეუძლია რამოდენიმე ემოციის დასახელება, ამბობს მე მიხარია, მეშინია, გაბრაზებული ვარ, მეწყინა, სხვის ემოციებსაც ამჩნევს და ასახელებს. ბავშვი ნაცნობ გარემოში ადვილად ეგუება მშობელთან განშორებას. ამ ასაკში მას სიამოვნებს სხვა ბავშვების გვერდით თამაში, კეთილგანწყობას გამოხატავს ნაცნობი ბავშვების მიმართ, თამაშის დროს უფროსის დახმარებით იცავს რიგს, ან ათხოვებს და გამოართმევს სათამაშოს სხვა ბავშვებს, თუმცა ხანდახან უჭირს გაზიარება, ამბობს „არა, ჩემია“. უფროსებს სათამაშოდ იწვევს, ხშირად არის თამაშის წამომწყები, ინიციატორი. თამაშის დროს წარმოსახვით პერსონაჟებს ქმნის.
3 წლიდან ბავშვი უკვე თამამად ასახელებს მისთვის საინტერესო საქმიანობებს, თამაშებს. ირჩევს და ერთვება ინდივიდუალურ საქმიანობაში, დამოუკიდებლად ცდის ახალ ქმედებებს, იცის რა გამოსდის კარგად. ბავშვმა უკვე იცის იმ ადგილის სახელი, სადაც ცხოვრობს, აღწერს საკუთარ ოჯახს, ჩამოთვლის ოჯახის წევრებს, აცნობიერებს, რომ ოჯახი გარკვეულ ერთობას წარმოადგენს. თამაშის დროს შეუძლია თანამშრომლობა, ამავე დროს იჩენს ინიციატივას. თავადაც ცდილობს და სხვებისგანაც მოითხოვს წესების დაცვას. აფიქსირებს საკუთარ აზრს რა მოსწონს, რა არ მოსწონს და შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების ახსნა. 3 დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი გაითამაშებს სიუჟეტებს რეალური ცხოვრებიდან, ასევე წარმოსახვით თამაშში ერთვება. თუ ადრე უბრალოდ სხვა ბავშვების გვერდზე თამაშობდა, ახლა მოსწონს თანატოლებთან ერთად თამაში. შეუძლია ეთამაშოს უცნობ თანატოლებსაც. ამ ასაკში ბავშვს შეუძლია საკუთარი ემოციების ამოცნობა და დასახელება, ასევე აღნიშნავს და ასახელებს სხვების ემოციებს. უფროსის დახმარებით კონფლიქტის მოგვარებას ცდილობს. ბავშვი მოქნილობას ამჟღავნებს და საკუთარ ქცევას გარემოს უსადაგებს. შეუძლია საკუთარი ემოციებისა და იმპულსების მართვა, სიამოვნების ან ჯილდოს გადავადება ცოტა ხნით.