
"მიჯაჭვულობა არის ემოციური თოკი, რომელიც ძლიერად აკავშირებს ორ ადამიანს დროსა და სივრცეში" — ჯონ ბოულბი
მიჯაჭვულობა არის ძლიერი ემოციური კავშირი რომელიც მყარდება ახალშობილსა და მასზე მზრუნველ ადამიანს შორის. ბავშვისთვის მიჯაჭვულობის განცდა აუცილებელია, რადგან ამის გარეშე იგი სრულფასოვნად ვერ მოახერხებს განვითარებას. შეიძლება მოგვეჩონოს, რომ ახალშობილები ვერაფერს იგებენ, თუმცა ეს ასე არ არის. ბავშვი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში მშვენივრად არჩევს დედის ემოციებს, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს მასზე, მისი ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე. მიჯაჭვულობა ეს არის ემოციური კავშირის ფორმა, რომელშიც ემოციურ ურთიერთობას თან ახლავს დაცულობის გრძნობა. ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ის გამოვლინდება მიჯაჭვულობის ქცევაში. მიჯაჭვულობის ქცევა საშუალებას აძლევს ბავშვს ან მოზრდილს მოიპოვოს ან შეინარჩუნოს სიახლოვე ადამიანთან. მიიჯაჭვულობა ორმხრივი პროცესია და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ჩამოყალიბების, მისი სრულფასოვანი განვითარების პროცესში.
მიჯაჭვულობის ორი ტიპს გამოყოფენ: მყარი და არამყარი მიჯაჭვულობა.
მყარი მიჯაჭვულობა ჩნდება მაშინ, როდესაც მშობელი ბავშვზე ზრუნავს და გამოხატავს სათანადო ყურადღებას. ასეთი ბავშვები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და ენდობიან თავიანთ მშობელს. ბავშვი დედისკენ მიილტვის, მისი მხარდაჭერის იმედი აქვს, რადგან მას აქვს იმის გამოცდილება, რომ ის მშობელს ყოველთვის ახსოვს.
არამყარი მიჯაჭვულობაში გამოიყოფა სამი სახე: დეზორგანიზებული, ამბივალენტური და უარმყოფელი მიჯაჭვულობა.
დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა ჩნდება მაშინ, როცა მშობელი არ ავლენს ბავშის მიმართ სათანადო ყურადღებას, ბავშვის მიმართ გულგრილია. ასეთ დროს ბავშვები თავიდან "აპროტესტებენ" მშობლის გულგრილობას, დროთა განმავლობაში კი საკუთარ თავში იკეტებიან. უყალიბდებათ იმის განცდა, რომ საკუთარი თავის გარდა სხვისი იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
ამბივალენტური მიჯაჭვულობა ჩნდება მაშინ, როცა ბავშვის მშობელი არათანმინმდევრულია. ის შეიძლება ზოგჯერ ყურადღებიანი იყოს ბავშის მიმართ, ზოგჯერ კი უყურადღებო ან მომაბეზრებლად ყურადღებიანი. ასეთი სტილით აღზრდილი ბავშვები გამოირჩევიან ემოციების არასტაბილურობით. ხშირად განიცდიან ბრაზს ან შფოთვას.
უარმყოფელი მიჯაჭვულობა ჩნდება მაშინ, როცა მშობლის ზრუნვა ბავშვზე არის არასაკმარისი, ბავშვი იღებს მხოლოდ მისი აღზრდისთვის აუცილებელ ყურადღებას. ვერ იკმაყოფილებენ ემოციურ მოთხოვნილებებს. ასეთ ბავშვებს უყალიბდებათ უნდობლობის გრძნობა.
ჩვილი თანდაყოლილი სიგნალებით ცდილობს, დედასთან ან მასზე მზრუნველთან ემოციური კავშირი დაამყაროს. ეს სიგნალებია მიახლოება, გადევნება, ჩაჭიდება (მიკვრა), ღიმილი, თვალებით კონტაქტი, ტირილი, პროტესტი განშორებისას, ხელში აყვანის სურვილი, ძებნა და სხვა. ამ სიგნალებზე მშობელი პასუხობს შესაბამისი ქცევით.
ჩამოყალიბდება თუ არა ჩვილსა და დედას/მზრუნველს შორის მყარი მიჯაჭვულობა, დიდწილად არის დამოკიდებული დედასთან/მზრუნველთან დაკავშირებულ ისეთ ფაქტორებზე, როგორიცა მგრძნობელობა, რაშიც იგულისხმება: 1) ჩვილისგან მიღებული სიგნალების აღქმა, დროული გამოხმაურება, სწორი ინტერპრეტაცია და შესაბამისი რეაგირება ბავშვისგან წამოსულ სიგნალებზე; 2) მეტყველება, ვერბალიზაცია, რომელიც შეეხება ბავშვის ემოციურ მდგომარეობებს, შინაგან სამყაროს, ბავშვის ქმედებების მნიშვნელობასა და აზრს; 3) მხედველობითი კონტაქტი შესაბამისი ემოციური მდგომარეობის ვოკალიზაციით; 4) დამშვიდება მშობლისგან/აღმზრდელისგან მგრძნობიარე ქცევით: ფიზიკური კონტაქტით, მოფერებით, ვერბალიზაციით, ჩახუტებით და ა.შ.
არამყარი - უარმყოფელი მიჯაჭვულობის დროს ბავშვი არ მიილტვის დედისკენ ფიზიკურ კონტაქტზე. ის დამოუკიდებელია, დედისგან არ იღებს თანაგრძნობას, გულგრილია და მოწყენილი, როცა რაღაც აწუხებს ან სტკივა არ ითხოვს დახმარებას, ყველას ერიდება. ასეთ შემთხვევებში დედა (ან ადამიანი, რომელიც მასზე ზრუნავს) ხშირ შემთხვევაში ემოციურად მიუწვდომელია. დედას არ მოსწონს, რომ ბავშვი მასზეა დამოკიდებული და ყოველი დამოუკიდებელი ქმედების შემთხვევაში აქებს მას. შედეგად, ბავშვი შეიძლება იყოს აგრესიული, ბრაზიანი და დაუმორჩილებელი, რის გამოც შეიძლება არ უყვარდეთ ჯგუფში და აღმოჩნდეს იზოლაციაში.
არამყარი - ამბივალენტური მიჯაჭვულობის შემთხვევაში, ბავშვი არ არის დარწმუნებული, რომ მშობლის ნდობა შეიძლება, რომ საფრთხის შემთხვევაში ის დაცული იქნება და მიიღებს თანაგრძნობას მშობლისგან. ასეთი ბავშვი ბევრს ტირის, ებღაუჭება დედას და მომთხოვნია. დედა ან ის ადამიანი, რომელიც ბავშვზე ზრუნავს, არის არათანმიმდევრული, ქაოტური და ძნელია მისი ქცევის განჭვრეტა. შედეგად, ბავშვი არის მოუსვენარი, დაძაბული და შფოთავს, ძალიან არის დამოკიდებული უფროსებზე, აღმზრდელები მას ან ათამამებენ, ან უბრაზდებიან.
რაც შეეხება არამყარ-დეზორგანიზებულ მიჯაჭვულობას, ბავშვი მშობლის მიმართ შიშს გამოხატავს. მას უჭირს გრძნობებისა და ქცევების კონტროლი, ემოციების გამოხატვა, არ იცის, ვის შეიძლება ენდოს და ვის – არა. მას ახასიათებს შენელებული მოძრაობები, დისოციაციები, გაშეშება, „გაყინული" სახის გამომეტყველება, გუნება-განწყობილების სწრაფი ცვლილება. მშობელი ბავშვის მიმართ უყურადღებო და გულგრილია, თავს არიდებს მას. ხშირად მიმართავს ბავშვზე ძალადობას და უგულებელყოფას. შედეგად კი ბავშვი თავდაპირველად „აპროტესტებს" მშობლის გულგრილობას. შემდგომში ის „წყდება" მშობელს, იკეტება საკუთარ თავში.
დეზორგანიზებული მიჯაჭვულობის მიზეზებია:
აღსანიშნავია, რომ ჩვილობის ასაკში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის პატერნები შეიძლება შენარჩულებული იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, ადამიანთა უმრავლესობას აქვს პიროვნული ზრდის პოტენციალი და ჩამოყალიბებული უარყოფითი გამოვლინებების შესაცვლელად მათ პროფესიული დახმარება დასჭირდებათ.
მყარი მიჯაჭვულობის შედეგები:
არამყარი მიჯაჭვულობის შედეგები:
მიჯაჭვულობის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფაქტორებმა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ისინი ბავშვზე სიცოცხლის პირველი ორი წლის პერიოდში მოქმედებენ, აგრეთვე მაშინ, როცა ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი ზემოქმედებს. მათგან ყველაზე გავრცელებულია შემდეგი ფაქტორები:
1. ურთიერთობის, ემოციური კავშირების უკმარისობა — როცა ხანგრძლივი დროის მანძლზე ბავშვის სურვილების დაკმაყოფილება არ ხდება. ეს სურვილები შესაძლოა ეხებოდეს როგორც მის უსაფრთხოებას, ისე ფიზიკურ, ინტელექტუალურ თუ სოციალურ სფეროებს. ბავშვს არ აქვს განსაზღვრული დღის რეჟიმი, ქაოტურად ხდება მისი კვება, დარღვეულია ძილის რეჟიმი, არ აჰყავთ ხელში როცა ტირის, (ან აგვიანებენ მის ხელში აყვანას). ასევე, მასზე ზრუნვის დროს არ ხდება ემოციური გაზიარება, კერძოდ, აღმზრდელი არ უყურებს, არ უღიმის, არ ეხმაურება, არ ცდილობს მასთან კავშირის დამყარებას.
2. ძალადობა — ხანგრძივი დროის განმავლობაში ხდება ბავშვზე ძალადობა, მიჯაჭვულობა მშობელთან ირღვევა და ორი სახით ვლინდება — ერთი მხრივ, შესაძლოა ბავშვი მთლიანად ჩამოსცილდეს მშობელს და საერთოდ აღარ აქცევდეს ყურადღებას, ან პირიქით კიდევ უფრო მეტად მიეჯაჭვოს მას და ძალიან გაუჭირდეს მასთან განშორება, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამბივალენტურ მიჯაჭვულობასაც, რომლის დროსაც ბავშვს თან სურს მშობელთან ყოფნა და მისი სიახლოვე, თან ცდილობს მას თავი აარიდოს, თან მოითხოვს ყურადღებას, მაგრამ ყურადღების მიღებისას ცდილობს მის თავიდან მოშორებას.
3. საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა — ცხოვრების პირველ წლებში, ჩვილის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოწესრიგებული დღის რეჟიმი და ერთი მუდმივი ადამიანი, რომელიც მასზე იზრუნებს. ადგილის ცვლილება თავისთავად არღვევს ბავშვის ყოველდღიურ რეჟიმს, თუ ადგილის ცვილებას მთავარი აღმზრდელის ცვლილებებიც სდევს თავს, რის შედეგადაც ჩვილს უწევს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მის მდგომარეობას და მიჯაჭვულობა მშობლებთან ირღვევა.
მყარი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი სულაც არაა მშობელი იყოს იდეალური, უნაკლო, ან უშეცდომო. ხშირად მშობლები იმდენად ორიენტირებულნი არიან მოიქცნენ სწორად, არ დაუშვან შეცდომები და იყონ სრულყოფილები, რომ განიცდიან ძლიერ სტრესს, გამოფიტვას და შფოთვას, რაც ხელს უშლით როგორც საკუთარ თავზე, ისე ბავშვზე ზრუნვაში. თანამედროვეობის გამოწვევაა დაკავებული მშობლები და ცხოვრების რიტმის გამო ძალიან ცოტა დროს ატარებენ შვილებთან და მაშინაც როცა ბავშვთან არიან, უკმაყოფილებენ მათ მატერიალურ, ძირითად ბაზისურ საჭიროებებს, თუმცა ნაკლებად არიან ჩართულები შვილებთან ემოციურ ურთიერთობაში (თამაში, მოფერება, გასეირნება, ერთობლივი საქმიანობები და ა.შ.)
ბავშვის მყარი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია გარდა მატერიალური უზრუნველყოფისა და ბაზისური მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, მასთან ემოციური კონტაქტის არსებობა. წლამდე ასაკში ეს კონტაქტი როგორც წესი, არავერბალურად ხდება, ღიმილით, მზერითი კონტაქტით, შეხებით, ჩახუტებით. შემდგომ ასაკში კი ბავშვთან თამაშით, საუბრით, მათი მოსმენით, მათთვის არჩევანის მიცემით. მოზარდობაში მათი დამოუკიდებელ პიროვნებებად აღიარებით, ისეთი გარემოს შექმნით, სადაც ბავშვი უპირობოდ უყვართ, მას უპირობოდ იღებენ ისეთს, როგორიცაა და აძლევენ საკმარისს სითბოს, თანაგრძნობას და აქვს უზრუნველყოფილი ემოციური ხელმისაწვდომობა. ეს ყველაფერი ერთად ქმნის მყარ ფსიქოემოციურ საძირკველს, რომელიც ბავშვს აძლევს ნდობის, სიმტკიცის, სოციალური უნარების, ემოციური სტაბილურობის და თვითრეალიზაციის განვითარების შესაძლებლობას.
სტატიის ავტორი: რუსუდან სამხარაძე